. (function(html){html.className = html.className.replace(/\bno-js\b/,'js')})(document.documentElement); გასცდე დადგენილ ჩარჩოებს – TranQuini

გასცდე დადგენილ ჩარჩოებს

ჩვენს დროში, უფრო და უფრო მატულობს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ცდილობენ გაექცნენ თანამედროვე სამყაროს ყოველდღიურ ყოფას. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია სურვილით, გასცდნენ დადგენილ ჩარჩოებს, დაუბრუნდნენ ისეთი ცხოვრების წესს, სადაც მეტია შეგრძნება და განცდა, ხოლო ნაკლებია სტრესი და მატერიალურ პრობლემებზე ზრუნვა. სწორედ ამ თემას ეხმიანება ნოელ ჰენკოკის ისტორია.

2010 წელს, ნოელ ჰენკოკი ცხოვრობდა ისთ-ვილიჯში, კუნძულ მანჰეტენზე. იგი ჟურნალისტად მუშაობდა, მისი ხელფასი კი ექვსნიშნა რიცხვს უახლოვდებოდა. უცხო ადამიანები ფიქრობდნენ, რომ სწორედ ეს იყო “ ამერიკული ოცნება“.

მაგრამ მოგეხსენებათ, როგორია ცხოვრების მაჯისცემა ნიუ-იორკში. მისი დაუნდობელი გიჟური რიტმითა და კონკურენციით! მისს ჰენკოკმა აღმოაჩინა, რომ მთელს ამ ორომტრიალში ვერ ნახულობდა დროს მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის, ოჯახის წევრებისთვისაც კი. კუნძულზე მცხოვრებ ოთხ მილიონ ადამიანს შორის ის გრძნობდა თავს სრულიად მარტო.

მალევე აღმოაჩინა, რომ ხშირ-ხშირად აღმოხდებოდა გულის სიღრმიდან: ” როგორ მჭირდება შვებულება!” … მერე კი გაახსენდა სადღაც წაკითხული აზრი: თუკი განუწყვეტლივ გგონია, რომ გჭირდება შვებულება, ესე იგი მოვიდა დრო რაღაც შეცვალო შენს ცხოვრებაში.

ერთ მშვენიერ დღესაც, ნოელმა ჩაალაგა ბარგი და მანჰეტენის კუნძულიდან სულ სხვა კუნძულზე გაეშურა: ეს იყო სენტ-ჯონი, ყველაზე პატარა კუნძული შეერთებული შტატების ვირჯინიის კუნძულების არქიპელაგში.

რაღა თქმა უნდა, ნოელის მეგობრებმა და მისმა ოჯახის წევრებმა ერთხმად იფიქრეს, რომ ნოელი ჭკუიდან შეიშალა : “აბა, როგორ შეიძლება, უბრალოდ წახვიდე ისეთ ადგილას, სადაც აქამდე არასოდეს ყოფილხარ!” – აპროტესტებდა ნოელის დედა.

მაგრამ ნოელი მტკიცედ იდგა. გადაწყვეტილება არ შეუცვლია და აი, ექვსი კვირის შემდეგ, იგი ჩავიდა ბორანიდან ქრუზ-ბეიში – სენტ-ჯონის მთავარ ქალაქში. სულ ორიოდე დღეში, მან საცხოვრებელიც ნახა და სამუშაოც, ადგილობრივ სანაყინეში.

“კი მაგრამ… ამისთვის დაამთავრე იელის უნივერსიტეტი?!” – კვლავ ეწინააღმდეგებოდა დედა.

ნოელს მშვენივრად ესმის დედის სკეპტიკური დამოკიდებულება. მაგრამ არც მისი არგუმენტებია ნაკლები! – საკუთარი სახლიდან შეუძლია უყუროს კარიბის ზღვას, და თან ნაყინიც მიირთვას, რამდენიც გაუხარდება!

იყო პოზიტიური, ჯანმრთელი და ბედნიერი! – სხვა რა სჭირდება ადამიანს ამაზე მეტი!? შესაძლებელია, რომ სწორედ ნოელ ჰენკოკმა გასცა პასუხი კითხვას, თუ რას ნიშნავს იპოვო საკუთარი გზა პოზიტიური ცხოვრებისკენ!..

შესაძლოა ასევე მოგეწონოთ...